• propaganda
28.2.2022

რუსულ პროპაგანდასთან მიმართებაში

  • Praleski

რუსულ პროპაგანდასთან მიმართებაში

პროპაგანდა ძლიერია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სუსტები და ერთმანეთთან საკმარისი კავშირი არ გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ წყაროების სწორად გაანალიზება. მოგებაზე ორიენტირებული სოციალური მედია სულ უფრო და უფრო მეტად ხდება ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო არხი და ინფორმაციის ჰორიზონტალური გაზიარებისთვის საკმარის სივრცეს არ გვაძლევს. ის ქმნის თითქმის იზოლირებულ ბუშტებს, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებენ. ტრადიციული მედია ცენტრალიზებული და მიკერძოებულია, ახშობს ჩვენს ხმებს, ახალ მედია პლატფორმებზე, კი კონტროლი გვაქვს დაკარგული. თუმცა, თუ ამ რეალობას გავიაზრებთ, შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ.

ჩვენ არ უნდა მივანიჭოთ გადაჭარბებული მნიშვნელობა იდეოლოგებს ან სასარგებლო იდიოტებს; ისინი არ არიან იმდენად ჭკვიანები, რომ ადამიანები მედია-ზომბებად აქციონ. ადამიანები თავს ზომბებად თავად იქცევენ. რუსეთის სახელმწიფო აქტორებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ ახალი იდეების შექმნა. მათთვის საბედნიეროდ, მათი მიზნების მისაღწევად ძველი იდეებიც საკმარისია.

ეს სტატია განიხილავს რუსული პროპაგანდის ყველაზე ხშირად კვლავწარმოებულ ნარატივებს საგარეო საქმეთა და განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

”ზუსტად ვერ ვხვდები, რა ხდება, ამიტომ არ ვაპირებ ჩარევას.”

2014 წლიდან მოყოლებული, რუსული პროპაგანდა სულაც არ ისახავდა მიზნად მომხმარებლის დარწმუნებას, რომ რუსეთისთვის პირდაპირ დაეჭირა მხარი: ეს არც ადვილი საქმეა და მსგავსი მიზნისთვის უნივერსალური ნარატივის შექმნაც საკმაოდ რთულია.

გაცილებით მარტივია მათი განეიტრალება, ვისაც არ აქვს ცოდნა ან გაურკვევლობაშია - ამგვარ ბუნდოვანებაში რუსეთის მთავრობისთვის ბევრად იოლია შესაფერისი ნარატივების წინ წამოწევა. სწორედ ამიტომაა სოციალური მედიის სივრცე ასე გადატვირთული ყალბი ამბებით: რაც უფრო გიჟური და ემოციურია, მით უკეთესი, რადგან ასე იქმნება დესტაბილიზაციის შემომტანი ქაოსი. სიცხადის მსგავსი ნაკლებობა მიზანმიმართულად შლის საზღვრებს რეალურ ფაქტებსა და სრულ ფიქციას შორის. ამ კონტექსტში ყველაზე წარმატებულები არიან ის აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ყველა ხელმისაწვდომ სივრცეში რაც შეიძლება მეტი ბოტით სპამი სწრაფად გაავრცელონ.

“მნიშვნელობა არ აქვს რას გავაკეთებ.”

ეს შეგრძნება ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია, რადგან ის გარკვეულწილად ასახავს ჩვენს რეალობას. ჩვენ გაუცხოებულები ვართ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, რომლებიც ჩვენს ბედზე ახდენენ გავლენას. თუ ამას ჭეშმარიტებად მივიღებთ, შეიძლება უმოქმედობაზე დავიდეთ. ამ დამღუპველი გრძნობის დასაძლევად, ბევრი შეთქმულების თეორიებს მიმართავს, რათა გარკვეული (თუნდაც წარმოსახვითი) თავდაჯერებულობა და ქმედითუნარიანობა შეიძინოს. ეს პროცესი შესაძლოა უმოქმედობაზე უარესიც კი იყოს, რადგან ნახსენები თეორიები უპირველეს ყოვლისა მემარჯვენე ღირებულებებს გავრცელებას უწყობს ხელს, ავიწროებს შესაძლებლობების ფანჯრებს ჩვენთვის და ჩვენს გარშემო მყოფებისთვის. ამ გრძნობის რეალურად დასაძლევად ერთადერთი გზა ჩვენივე ბედის საკუთარ ხელში აღება, შესაძლებლობების საზღვრების გამოცდა, შეცდომების დაშვება, მათზე პასუხისმგებლობის აღება და წინსვლაა. ეს გაცილებით უფრო სახალისო და იმედისმომცემია, ვიდრე უძლურებისგან ჭკუიდან გადასვლა.

რუსეთი, როგორც გლობალური ჰეგემონიის მოწინააღმდეგე პოლუსი და ერთპოლარული სამყარო

პოლარული სამყაროს კონცეფცია ფართოდ გამომდინარეობს ევროცენტრიზმიდან. ისტორიულად, ცივი ომი და ბიპოლარული სისტემა მარტივი და მოსახერხებელი დასავლური კულტურული ნარატივები იყო, რომლებიც ‘აღმოსავლეთიდან’ წამოსულ საფრთხეს უპირისპირდებოდა. ამის გამო, კონცეფცია ჯიუტად აგრძელებს არსებობას. თუმცა, თანამედროვე რუსეთი ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გლობალური მოთამაშე არ არის. რუსეთის გასანადგურებლად ბომბი არ არის საჭირო: ეკონომიკური სანქციებიც საკმარისი იქნება. რუსეთი, ასევე, აღარ არის კულტურული ორიენტირი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი, ვინც ნოსტალგიაში ან წარსულში ჩარჩა, მას ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ მოთამაშედ წარმოიდგენს - დადებითი ან უარყოფითი კონოტაციით იმისდა მიხედვით, თუ ვის ვესაუბრებით. მემარცხენეები ხედავენ ლენინს, რაკეტებს კოსმოსურ ხომალდებს, გაგარინს და პროლეტარიატის ჰეგემონიას; კონსერვატორები ხედავენ ლენინს სტალინს, კოსმოსურ ხომალდებს ბირთვულ რაკეტებს და პროლეტარიატის კომუნისტების ჰეგემონიას.

თავად რუსეთს სამომავლო პროექტები არ აქვს. იგი ეყრდნობა წარმოსახვით ნათელ წარსულს და არა მომავლის პოზიტიურ ხედვას, და სადაო წარმატებით იღებს სხვადასხვა ეპოქების შინაარსებს. ეს გარემოება იმ კონსერვატორებს იზიდავს, რომლებიც რუსეთს ტრადიციის ბოლო საყრდენ ციხესიმაგრედ ხედავენ, მსგავსად მათი წინამორბედებისა, რომლებიც, ასზე მეტი წლის წინ, აღმოსავლეთს ორიენტალისტური კუთხით ხედავდნენ. მეორე მხრივ, რუსეთი, ასევე, მიმზიდველია მათთვისაც, ვინც ავთენტურად ეწინააღმდეგება კონსერვატორებს, ანტიკოლონიალური და ანტი-რასისტული მოძრაობების ლინზიდან.

ამ მოძრაობების თეორიული საფუძვლები აკადემიური პოსტკოლონიალური კვლევების დამკვიდრებისა და პერიფერიებში მზარდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების პარალელურად ყალიბდებოდა. ორივე მოძრაობამ ფუნდამენტური კრიტიკული კომპონენტები მარქსიზმიდან აიღო. მარქსისტული ტრადიციის ანტიკოლონიალური მიდგომები პირდაპირ კავშირშია 1920-იან წლებში საბჭოთა თეორეტიკოსების ნაშრომებთან, როდესაც საბჭოთა რუსეთს საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდებოდა. საბჭოთა კავშირი მსოფლიო ინტერნაციონალისტური რევოლუციის იდეას ავითარებდა და პირდაპირ უჭერდა მხარს ანტი-რასისტულ და ანტიკოლონიალურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში. მართლაც, თუ მხოლოდ იმ ეპოქის ტექსტებს წავიკითხავთ, განსაკუთრებით კი იმავე პერიოდის დასავლურ აკადემიურ ტექსტებს შევადარებთ, გაგვიჭირდება იმის დაჯერება, რომ თანამედროვე რუსეთი შეიძლება ისეთივე „ერების ციხე“ აღმოჩნდეს, როგორადაც ლენინმა აღწერა მეფის რუსეთი.

საბჭოთა და რუსეთის იმპერიების კოლონიური ისტორია უმრავლესობისთვის ბრმა წერტილია. ეს სიბრმავე აადვილებს იმის დაჯერებას, რომ სსრკ-სა და რუსეთის პერიფერიაში ანტიკოლონიალური მოძრაობები მხოლოდ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ნაციონალისტური რეაქციონერებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ შეუძლია საკუთარი თავის შესახებ დისკურსის განსაზღვრა და კონტროლი, მას შეუძლია ისარგებლოს დასავლეთში დამკვიდრებული ნარატივებით. ეფექტური პრორუსული ნარატივები არ არის განზრახ შემუშავებული, არამედ ჩნდება ცდისა და შეცდომის გზით.

ირონიულად, დასავლეთმა რუსეთის საწინააღმდეგოდ შექმნა და გამოიყენა იდეური ჩარჩოები, რომლებსაც ახლა რუსეთი საკუთარი კოლონიური ძალაუფლების აღდგენისა და გამყარებისთვის იყენებს. ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან დასავლეთის კოლონიალიზმს, შესაძლოა საბოლოოდ რუსეთს მხარდამჭერებში აღმოჩნდნენ დამარცხებულთა ისტორიის შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო.

დასავლური რუსოფობია

უპირველეს ყოვლისა, ტერმინი რუსოფობია რუსმა ანტისემიტებმა შექმნეს რუსეთის იმპერიაში ებრაული მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიების ლეგიტიმაციის მიზნით. ისტორიულ საუბრებში ჩაღრმავების გარეშე, უნდა ვაღიაროთ, რომ იმპერიებმა, სადაც საკმაოდ დიდი კოლონიზებული სლავური მოსახლეობა იყო, როგორებიც იყვნენ ავსტრია-უნგრეთის და გერმანიის იმპერიები, შექმნეს იდეოლოგიური კომპლექსი, რომელსაც შეიძლება ანტი-სლავური ეწოდოს. ამ კონცეფციამ კულმინაციას გერმანული ნაციონალ-სოციალიზმის დროს მიაღწია.

ნაცისტებისთვის რუსები წარმოადგენდნენ ყველაფერი სლავურის არსს. მესამე რაიხის დაცემის შემდეგ ეს ანტი-რუსული იდეები ნაწილობრივ ინტეგრირდა დასავლელი კონსერვატორების უფრო ფართო ანტიკომუნისტურ იდეოლოგიაში. ისინი სინონიმებად იყენებდნენ „რუსს“ და „კომუნისტს“ და საბჭოთა იმპერიის მთლიანი მრავალეთნიკური მოსახლეობა „რუსის“ კატეგორიაზე დაიყვანეს. დეჰუმანიზებული, “კომუნისტი რუსეთიდან” ფიგურა, რომელსაც 1950-80-იანი წლების ანტიკომუნისტურ გამოსახულებებში ვხვდებით, ადვილად ერწყმის XIX საუკუნის ორიენტალიზებულ ვიზუალს. მემარცხენეებისთვისაც რუსის იმიჯი მტკიცედ უკავშირდებოდა მათ იდეალიზებულ კომუნიზმს. ისინი მიეჩვივნენ რუსი კომუნისტების პრაქტიკულად რეფლექსის სახით მხარდაჭერას, რაც საბჭოთა იმპერიალიზმის ავტომატურ მხარდაჭერას ნიშნავდა. რუსული პროპაგანდა ახალს არაფერს ქმნის, არამედ დასავლეთის ძველ ნარატივებს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ასევე, რუსოფობიას უწოდებენ რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრძოლას.

რუსული ანტიფაშიზმი: რატომ აგრძელებს პუტინი საკუთარი „ანტიფაშისტური“ მისიის განხილვას

„ქვეყანაში, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა“, ფაშიზმის სერიოზული თეორია არასოდეს გაჩენილა. საშუალო სტატისტიკური საბჭოთა მოქალაქისთვის ფაშიზმი უბრალოდ ბოროტების კვინტესენციას ნიშნავდა, ყოველგვარი მკაფიო სუბსტანციის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ნამდვილად უკავშირდებოდა მეორე მსოფლიო ომს, რომელსაც რუსეთში “დიდ სამამულო ომს” უწოდებენ, “დიდი სამამულო ომის” კონცეფცია იგივე მნიშვნელობას არ გადმოსცემს, როგორც “მეორე მსოფლიო ომი”. “პირველი სამამულო ომი” იყო ომი ნაპოლეონთან მე-19 საუკუნეში. დიდი სამამულო ომი 1941 წელს გერმანიის საბჭოთა კავშირში შეჭრით დაიწყო და ოფიციალურად გერმანიის კაპიტულაციით მოსკოვის დროით 9 მაისს დასრულდა. ამ ომის დასავლური კონცეპტუალიზაციისგან განმასხვავებელი არის ის, რომ რუსულ კონტექსტში იგი განიხილება როგორც დასავლეთის შემოსევების გაგრძელება: მე-13 საუკუნეში ტევტონებიდან, მე-17 საუკუნეში პოლონეთის ჯარებამდე, ნაპოლეონამდე და ჰიტლერამდე. საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას 1945 წლის მაისის შემდეგაც აგრძელებდა იაპონიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს დიდი სამშობლოს ომის იდეის ნაწილი აღარ არის.

ეს კონცეფცია დროთა განმავლობაში განვითარდა და თავად ამ მოვლენების დროს არ გამყარებულა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ომის დამთავრების შემდეგ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა იგი ეროვნული მითისთვის. მეორე მსოფლიო ომის მთავარი იკონოგრაფია 70-იან წლებში გამყარდა. 90-იანი წლების ბოლოს და განსაკუთრებით პუტინის მმართველობის ქვეშ, 9 მაისი რუსეთში მთავარ პატრიოტულ მოვლენად იქცა. რუსეთში მართლაც მხოლოდ ორი დღესასწაულია, რომელიც ერთგვარ ერთიანობას ქმნის ერში: ახალი წელი და გამარჯვების დღე.

გამარჯვება სიკეთისა და ბოროტების ესქატოლოგიური ბრძოლის იდეასთანაა დაკავშირებული. ამ ბრძოლაში რჩეული რუსი ერი თავს სწირავს, იხსნის სამყაროს, ამარცხებს ბოროტებას და ამტკიცებს საკუთარ თავს მსხვერპლშეწირვის პროცესში. რაც უფრო დიდია მსხვერპლი, მით უფრო დიდია როლი გამარჯვებაში - ამიტომ საბჭოთა კავშირი ყოველთვის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი და განადგურება მეორე მსოფლიო ომში მათ ხვდათ წილად. რუსეთი მსხვერპლშეწირვის ამ რიტორიკის გამოყენებას კვლავ აგრძელებს ნაცისტური გერმანიის მთავარი დამმარცხებლის სტატუსის ლეგიტიმაციისთვის. რაც საკმაოდ აბსურდულია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ნგრევისა მსხვერპლთა წილის უდიდესი ნაწილი დღევანდელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე: ბელორუსიასა და უკრაინაზე მოდიოდა.

გაბატონებული იდეოლოგიის მიხედვით, სამამულო ომში გამარჯვების მთავარი პირობა რუსი ერის ერთიანობა იყო. ლევ ტოლსტოისთვის, „ომი და მშვიდობა“-ში, ეს ერთიანობა შეიძლება კრისტალიზებული იყოს სამშობლოსა და ეთიკის იდეების გარშემო. (პოსტ) სტალინის ეპოქაში ეს ერთიანობა ლიდერის იდეით და მოსკოვისადმი ერთგულებით იყო განპირობებული.

ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვინც არ იყო პირადად ლიდერის, ან თუნდაც საბჭოთა კავშირის კოლექტიური ხელმძღვანელობის ერთგული - იყო ფაშისტი. საბჭოთა პერიოდში არსებობდა გაგება, რომ სსრკ-მ დაამარცხა ფაშიზმი, როგორც ერთა ოჯახმა (ტექსტში სიტყვა „ერი“ გამოყენებულია ერის ეთნიკური და რასობრივი თვალსაზრისით რუსული კონცეფციის აღსანიშნავად), დიდი რუსი ძმის ხელმძღვანელობით. გასული ათწლეულის განმავლობაში, ეს კონცეფცია ტრანსფორმირდა იმ იდეად, რომ ფაშიზმი მხოლოდ ეთნიკურმა რუსებმა დაამარცხეს, ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფი კი უმნიშვნელო ან ხელისშემშლელი იყო. ეს ცვლილება რუსეთის კულტურის მინისტრის, ვლადამირ მედინსკის ნაშრომებს უკავშირდება. რუსების ერთობას თავისი ბუნებით ანტიფაშისტებად მოიაზრებდნენ. პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ლიდერს შეეძლო განესაზღვრა რა არის და რა არ არის ფაშიზმი.

სწორედ ამიტომ, დღეს პუტინს არანაირი მტკიცებულება სჭირდება იმის განსაცხადებლად, რომ უკრაინის “ხელისუფლებაში ფაშისტები არიან“. (იგი ხშირად იყენებს სიტყვა ნაციონალიზმს ფაშიზმისა და ნაციზმის სინონიმად). მათთვის უკრაინელობის არსი რუსების მოწინააღმდეგეობასა, ფაშიზმსა და მოღალატეობაშია. „უკრაინის დენაციფიკაცია“ პუტინისთვის უკრაინელების მორჩილებამდე მიყვანას ნიშნავს. ეს არ არის კონკრეტულ პოლიტიკოსებთან ან იდეებთან ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ფართოდ გააზრებული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს ლოგიკა ნიშნავს, რომ „კანონიკურად რუსეთის ტერიტორიების“ ყოველგვარი დამოუკიდებლობა ფაშიზმია, რომელთან გამკლავებაც ადრე თუ გვიან მოუწევთ.

მსგავსი ანტიფაშიზმი ცხადია სრულიად მოწყვეტილია ყოველგვარ ფასეულობასა და შინაარსს და შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების გასამართლებლად

უკრაინის განთავისუფლება, ფაშისტების დამარცხება და უკრაინელები, რომლებიც მიესალმებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს

რუსული იდეა „ერის“ შესახებ იყენებს არა მხოლოდ ეთნიკურ გაუცხოებას საკუთარი საზღვრების დასადგენად (რაც საერთოა მრავალი ნაციონალიზმისთვის), არამედ „კორუმპირებული რუსის“ იდეასაც. “უცხო” ამ გაგებით ზოგადად მოიაზრებს ადამიანებს, რომლებიც არ ითვლებიან თეთრკანიანად: მათ შორის კავკასიის, ცენტრალური აზიის ან რუსეთის საზღვრებში მყოფი სხვა მოსახლეობას. თუმცა, “კორუმპირებული რუსების” როლს სხვა სლავური ეთნოსები ასრულებენ, როგორიცაა: უკრაინელები ან ბელორუსი ხალხი. განსაკუთრებული მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს როგორ გამოიყენებოდა უკრაინელი გენერალ მაზეპას ისტორია, რაც ერთ-ერთი მთავარი კულტურული მინიშნება იყო რუსეთში ერი-სახელმწიფოს მშენებლობის დროს.

1930-იანი წლების რეპრესიების დროს ეთნიკურ დეპორტაციებს მასიური სახე ქონდა. ომის პერიოდში დეპორტაციების გაგრძელებას გასამართლებლად მთელი ერის ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებები მოყვებოდა. საბჭოთა და მოგვიანებით რუს იდეოლოგებს უყვართ ნაცისტების მიერ ომის დროს ჩამოყალიბებული კოლაბორატორული ნაწილების ხსენება, რომლებიც სსრკ-ში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან შედგებოდნენ. მოღალატე-ერების ამ ფიგურის შექმნით - კოლონიური პოლიტიკის და ეთნიკური რეპრესიების ლეგიტიმაციის მიზნით - მათ შეუძლიათ გამოტოვონ ის ფაქტი, რომ კოლაბორატორთა უმეტესობა რუსები იყვნენ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ისტორიულად რუსულად მიიჩნევს. ამ თვალსაზრისით, უკრაინელები რუსი ერის ნაწილია, დასავლეთის მიერ კოოპტირებული და მოწამლული, ისევე როგორც ტოლკინის ორკები და ელფები. ეს თვალსაზრისი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის საზოგადოების “ჯანმრთელი” ნაწილი უკრაინის უღლის ქვეშ იტანჯება (იგულისხმება დასავლეთი და ფაშისტები) და რუს ერთან გაერთიანებისკენ, რუსული ენაზე საუბარსა და რუსული ჩექმის კოცნისკენ მიილტვის. ამ აუცილებელი საჭიროებების წინააღმდეგი მხოლოდ ფაშისტები და დასავლელი აგენტები შეიძლება იყვნენ. მრავალ რუს ჯარისკაცს და ფართო საზოგადოებას ნამდვილად სჯერა, რომ მათ შეხვდებიან როგორც განმათავისუფლებლებს. [ამ ტექსტის შექმნის მომენტში სულ უფრო მეტი სიახლე მოდის, რომელიც ასახავს რუსი ჯარისკაცების შოკს იმის გაგებით, რომ ეს ასე არ არის]. ყირიმის ანექსია და 2014 წლის პროპაგანდისტული წარმატებები იმდენად აბსოლუტური იყო, რომ მათი შეიძლება კრემლსაც კი დაეჯერებინა.

ამ მომენტისათვის, უკრაინელების უმეტესობა სასოწარკვეთილად იცავს თავს, მოხალისეებად უერთდებიან უკრაინის ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს. რუსეთი განიხილება როგორც ოკუპანტი და საფრთხე უკრაინელების არსებობისთვის, არა მხოლოდ აბსტრაქტული თვალსაზრისით (მათი როგორც ერის არსებობა), არამედ ფიზიკური თვალსაზრისითაც, როგორც საფრთხე იმ პირებისთვის, რომლებიც არ დაემორჩილებიან რუსეთის ძალაუფლებას. რუსეთი საკუთარ პროპაგანდაში იმდენი ხანია უარყოფს თავად „უკრაინელების“ არსებობას, რომ მათ საკუთარი პროპაგანდის დაჯერება დაიწყეს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ რიგით უკრაინელებს აქვთ მიზეზი, რუსეთისგან ელოდონ ქმედებებს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქმედებებს. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა 1941 წლის ზაფხულს მოგვაგონებს. რუსული მხარე სოციალურ ქსელებს ავსებს განცხადებებითა და ვიდეოებით, რომლებიც მხოლოდ ამ მოლოდინებს ადასტურებს.

უკრაინაში რუსულენოვან მოსახლეობას საფრთხე ემუქრება

უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის ე.წ. ჩაგვრის საკითხი პირდაპირ კავშირშია ენის შესახებ დისკუსიასთან. ახლაც, მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობა ორენოვანია და არა ერთენოვანი. რუსული და უკრაინული ძალიან ჰგავს ერთმანეთს და რუსულენოვანთათვის უკრაინულის სწავლა რამდენიმე თვეში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ქვეყანაში მცხოვრები, ტელევიზორის მაყურებელი და ზოგადად მედიის მოხმარებული ადამიანისთვის, ძალზე რთულია მოერიდო მის სწავლას. თუ უკრაინული არ გესმით, ეს ძირითადად პოლიტიკური განცხადებაა.

მეორე მხრივ, ეკონომიკური მიზეზების გამო, უკრაინაში კულტურული პროდუქციის უმეტესობა (წიგნები, მუსიკა და კინო) ძირითადად რუსულ ენაზე იწარმოება, დიდ რუსულ ბაზარზე შესასვლელად. ანუ საფუძველი იმისა, რომ უკრაინაში რუსული ენა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს არ არსებობს. არსებობს რამდენიმე კანონი „უკრაინული ენისათვის“. ოფიციალური მედია, სახელმწიფო ბიუროკრატია და განათლება ძირითადად უკრაინულ ენაზეა. მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების არც ერთი ასპექტი არ დარეგულირებულა რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის თვალსაზრისით.

ეს ენობრივი საკითხი მეტ-ნაკლებად არის ერთადერთი, რაც უნდა განიხილებოდეს, თუ ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაში ეთნიკურ დისკრიმინაციაზე. ეთნიკურ რუსებსა და უკრაინელებს შორის განსხვავება თვითიდენტიფიკაციის გარეშე ძნელია. პოლიტიკოსები მუდმივად ცდილობდნენ რეგიონალური განსხვავებების გაზვიადებას და ამის ენასთან მუდმივ დაკავშირებას. მთელი ეს განსხვავება ძირითადად ზემოდან მოდიოდა და არა ხალხისგან. აზოვის პოლკის ნამდვილი ნაცისტებიც კი კომუნიკაციის ენად რუსულს იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ეს კითხვა სულ უფრო და უფრო იქცა იდენტობის პრობლემად. უამრავმა ადამიანმა დაიწყო უკრაინულის პოლიტიკური განცხადებისთვის გამოყენება. ბევრი პოლიტიკოსი (უკრაინელი და რუსი) იდენტობის საკითხს ხალხის სოციალური საკითხებისგან, კორუფციისგან და სხვა საკითხებიდან ყურადღების გადასატანად იყენებს. უფრო ახლო დაკვირვებით ვხედავთ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის საკითხი ძირითადად მანიპულირებაა და არ არის დაკავშირებული ადგილზე არსებულ რეალობასთან.

უკრაინა, როგორც ფაშისტური სახელმწიფო

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პუტინისთვის ფაშისტური სახელმწიფო არის ნებისმიერი არაერთგული სახელმწიფო იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი საკუთრად აღიქვამს.

სინამდვილეში, უკრაინა გაცილებით პლურალისტური საზოგადოებაა, ვიდრე რუსეთი. პოლიტიკური წარმომადგენლობა პარლამენტში დროთა განმავლობაში საარჩევნო ლოგიკის მიხედვით იცვლება. ბოლო გამოსვლებში პუტინმა ეს ფაქტიურად დაასახელა, როგორც წარუმატებელი ფაშისტური სახელმწიფოს ნიშანი. რადიკალ მემარჯვენეებთან ასოცირებული პოლიტიკური პარტიები არც თუ ისე წარმატებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეების სათანადოდ შეფასება უნდა მოხდეს, ზოგადი ვითარება შორს არის მათი კონტროლისგან. რუსეთისგან განსხვავებით უკრაინის კონტროლი ბევრ აქტორს შორისაა გაფანტული.

როგორც ჩანს, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები ომის დროსაც კი იშვიათად იყენებენ ეთნონაციონალისტურ რიტორიკას. ზელენსკი აკეთებს განცხადებებს, რომლითაც რუსებს მიმართავს რუსულ ენაზე, ცდილობს (ყოველ შემთხვევაში, რიტორიკულად) განასხვავოს რუსი სახელმწიფო და რუსი ხალხი და მოქმედებს იმ იმედით, რომ მათში ომის მიმართ დაუმორჩილებლობას გააღვივებს.

რუსეთი პრევენციულად მოქმედებს, უკრაინა საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთის სახელმწიფოს რიტორიკა ძალიან ჰგავს იმ რიტორიკას, რომელიც მათ 2008 წელს, საქართველოში შემოჭრისას გამოიყენეს და რასაც “მშვიდობის აღსრულება” უწოდეს. უკრაინამ 2014 წლიდან თავდაცვაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო, თუმცა სურვილის შემთხვევაშიც კი ვერასოდეს ექნებოდათ რუსეთზე თავდასხმის შესაძლებლობა. დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს რუსული არმია თავიდანვე მხარს უჭერდა. მათზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავდა. არალოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უკრაინა ასეთ თავდასხმას გარისკავდა. დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა ძალზედ უმნიშვნელო იყო. ლეტალური იარაღით მომარაგება ამ ინვაზიამდე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე გაიზარდა, ისიც როგორც რუსეთის შეჭრისთვის მზადებაზე რეაქცია და ამ შემთხვევაშიც უკრაინაში შეტანილი იარაღი მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულებისაა. მოსალოდნელი თავდასხმა დონბასზე მხოლოდ ფიქტიური სურათი იყო და არა მოახლოებული რეალობა.

რუსული რიტორიკა ფაქტების გადამოწმებას ან კვლევას არ ემყარება, უფრო მეტად გამოგონილია და მიდრეკილია მსხვერპლის დადანაშაულების ტიპიურ სცენარს მიყვეს. უმნიშვნელო იქნებოდა რის გაკეთებას არჩევდა უკრაინა, ოდნავი წინააღმდეგობის გაწევა ან სუვერენიტეტის რამენაირად განმტკიცება რუსეთისთვის საფრთხედ მოინათლებოდა. წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები ამ გამოგონილ საფრთხეს სიმძიმეს მატებს. რუსეთთან როგორც თანასწორთან ლაპარაკიც კი აგრესიად აღიქმება. პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების აღწერისას ძველი აფორიზმი დააციტირა, რომელიც აშკარად გაუპატიურებაზე მიანიშნებს: „მოგწონს თუ არა, უნდა აიტანო“.

კონფლიქტი, როგორც შეტაკება რუსეთსა და ნატოს შორის

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნატოს უკრაინაში მნიშვნელოვანი როლი არ აქვს. მას თითქმის არ აქვს სამხედრო ძალა ან შეიარაღება და არ აქვს სამხედრო ბაზები. ახლაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ისინი მხოლოდ იარაღს აგზავნიან და აშკარად გაურბიან რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას. თავად იდეაც კი, რომ რუსეთს რაიმე პრეტენზია აქვს უკრაინის ტერიტორიაზე, საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთი ახლა (ან მომავალში) ხედავს თავის კანონიურ ტერიტორიებად. საშიშროების ეს განცდა ადგილობრივებს უფრო მეტად უბიძგებს ნატოს მკლავებში, ვიდრე თავად ნატოს ნებისმიერი ქმედება. საქართველოს და თუნდაც ფინეთის შემხედვარეც, ვხედავთ, რა გავლენას ახდენს ეს საფრთხე ნატოში გაწევრიანების შესახებ შიდა დისკუსიებზე. 2014 წლის ომი ნატოსთვის, რომელსაც აქამდე საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდა ევროპაში, საშობაო საჩუქარი იყო, რის შემდეგაც დაუსრულებელი აღორძინების პერიოდი დაუდგა.

ეს არგუმენტი, როგორც წესი, დაკავშირებულია კონცეფციასთან, რომ ნებისმიერი პოლიტიკა გეოპოლიტიკის ქვეჯგუფია. ეს ვარაუდი არ ითვალისწინებს ინდივიდების, საზოგადოებების ან სახელმწიფოების აგენტობას, რომლებიც გლობალური სცენაზე მცირე როლს იკავებენ. ეს აზროვნება ამავდროულად შეთქმულების თეორიის სახეობაა, რომლის დროსაც ყველა ქმედება ამა თუ იმ ზესახელმწიფოს მიერ იმართება. ეს, როგორც წესი, ასევე გამოხატავს დამკვირვებლის დიდი ძმის კომპლექსსაც, ობიექტივი, რომელშიც არაფერი მოხდება „ჩვენი“, გლობალური აქტორების, მოქმედებების გარეშე, კეთილი იქნება თუ ბოროტი. ეს გულისხმობს ნაცნობი ახსნა-განმარტებითი მოდელების გამოყენებას რეალური, ქვემოდან წამოსული ანალიზის ნაცვლად. შესაძლოა ადგილობრივი პერსპექტივების გამოყენება, მაგრამ მხოლოდ მეტროპოლიების ექსპერტული ინსტიტუტების მეშვეობით გაფილტვრის შემდეგ.

ეს ანალიზი თვითშესრულებად წინასწარმეტყველებად იქცევა. ადგილობრივების, მათი ქმედებებისა თუ პერსპექტივების იგნორირება აქრობს მათ მედიიდან, კვეთს მათ მხარდაჭერისგან და კრიზისულ სიტუაციაში, როგორიც ახლაა, შეიძლება სრულ განადგურებასაც ნიშნავდეს.

ორი იმპერიალიზმი ერთი და იგივეა

საბაზისო ანტიმილიტარისტული პოზიცია არის ის, რომ როდესაც ორი იმპერიული ძალა ებრძვის ერთმანეთს, მხარეს არ იჭერ. ეს პოზიცია მოსახერხებელია, თუმცა არ ასახავს ახლანდელ სიტუაციას. სრულიად ნათელია, რომ რუსეთი, თავისი უზარმაზარი სამხედრო და ეკონომიკური ძალით, ცდილობს სრულად აიღოს კონტროლი ყოფილ კოლონიაზე. რუსეთი შეიძლება არ იყოს გლობალური მოთამაშე, მაგრამ ის აბსოლუტურად რეგიონალური ჰეგემონია. იდეოლოგიურად ეს ქვეყნები ახლა სრულიად განსხვავდებიან. რუსეთი პოლიტიკური შავი ხვრელია, ყველაფერი, რაც მის გრავიტაციულ ველში ვარდება, ქრება. უკრაინის უკვე ოკუპირებულ რეგიონებში პოლიტიკური ცხოვრების სრული შეწყვეტიდან დაწყებული, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, მემარჯვენე ტენდენციების ყველანაირი მხარდაჭერით, რუსეთი რეგიონში ყველაზე ძლიერი მემარჯვენე ძალაა. აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ისინი აფინანსებენ ადგილობრივ ნაცისტებს, ლობირებენ ჰომოფობიურ კანონებს, ახორციელებენ ქვეყნების მილიტარიზაციას, აღრმავებენ ეთნიკურ კონფლიქტებს, მხარს უჭერენ დიქტატორებს და უბრალოდ სისხლში ახშობენ ხალხთა აჯანყებებს.

აქ არ არის ორი იმპერიალიზმი, არამედ მხოლოდ ერთი იმპერიალიზმი ხალხის წინააღმდეგ.

თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი მხარე. რადგან თუნდაც იმ მომენტში, როცა ამას კითხულობთ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.